პარასკევი, 17.05.2024, 08:10
მოგესალმები, სტუმარი
მთავარი » 2011 » თებერვალი » 18 » გურულები ამერიკაში
18:02
გურულები ამერიკაში
1892 წლიდან დაიწყო გურული მოჯირითეების განსაცვიფრებელი და ტრაგიკული ისტორია, როდესაც ისინი ინგლისში, პირველად, შეუერთდნენ ცნობილი ამერიკელი შოუმენის, ბაფალო ბილი ქოუდის Wild West show – ველური დასავლეთის შოუს. ხოლო 1893 წელს კი გურულები ჩავიდნენ აშშ–ში. გურულები ,,რუსი კაზაკების" სახელით 30 წელზე მეტ ხანს გამოდიოდნენ ბაფალო ბილისა და სხვა ცირკებისა და შოუების არენებზე, მათ საყოველთაო აღიარება მოიპოვეს და დიდი გავლენა იქონიეს ქაუბოებზე.  გურულებს სხვადასხვა მიზეზთა გამო ეძახდნენ კაზაკებს, უმთავრესი ის გახლავთ, რომ ჩვენი ქვეყანა მაშინ რუსეთს იმპერიაში შედიოდა და აქედან გამომდინარე ყოველი მისი მოქალაქე რუსად მოიაზრებოდა.

ქართველი ცხენოსნების გამოსვლა უაილდ უესთ შოუს მთავარ წარმოდგენად ითვლებოდა. ასეთივე ინტერესს მხოლოდ ინდიელები და ქავბოები იმსახურებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ იქ მათ გარდა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ველური დასავლეთის ცნობილი მკვლევარი და ისტორიკოსი დი ბრაუნი წერდა: ,,ცხენზე ჯირითი როდეოში შემოიტანეს თავზეხელაღებულმა კაზაკებმა". კაზაკების თავბრუდამხვევი "ილეთებით" დაინტერესებულმა ქოვბოებმა ეს გაითავისეს და შემდგომ თავისებური ვარიანტი წარმოადგინეს ამერიკულ როდეოში. ქართველი მხედრები წარმოუდგენელ ილეთებს აკეთებდნენ ჭენების დროს. წარმოდგენა იწყებოდა ქართული ნაციონალური ცეკვებითა და სიმღერებით, რასაც მოყვებოდა ჭენება "ილეთებით". ეს იყო არაჩვეულებრივი წარმოდგენა. ამერიკული გაზეთები წერდნენ, ქართველების განუმეორებელ ჯირითზე: ,,ისინი  უნაგირზე ხელებზე და ფეხებზე დამდგარი აჭენებენ ცხენებს". (The Philadelphia Inquirer, April 9, 1893).ნაირფეროვანი კოსტუმები და მორთულობა შოუს განუყოფელი ნაწილი იყო. ,,კაზაკი” ცხენოსნების შესახებ ინფორმაციამ მალე სამეფო ოჯახის ყურამდეც მიაღწია.  დედოფალ ვიქტორიას მეჯინიბემ შოუს ორგანიზატორებს აცნობა რომ მისი უდიდებულესობა ძალიან ნასიამოვნები დარჩება თუ ორგანიზატორები ვაილ ვესტ შოუს გამართავენ უინძორების სასახლეში. 1892 წლის 25 ივნისს, ქართველები ივანე მახარაძის თაოსნობით, წარდგნენ დედოფლის, სამეფო ოჯახისა და სხვა არისტოკრატების  წინაშე. წარმოდგენით აღფრთოვანებულმა დედოფალმა ვიქტორიამ მოოქროვილი ალბომი გადასცა მათ სადაც მათი წარმოდგენის ამსახველი ფოტოები იყო მოთავსებული. (ალბომი ინახებოდა ივანე მახარაძის სახლში გურიაში და განადგურდა ხანძრის დროს).  პირველმა მსოფლიო ომმა და ბოლშევიკებმა ხელი შეუშალეს ქართველების მოგზაურობას საზღვარგარეთ. მათი უმეტესობა ომის დამთავრებამდე დარჩა შეერთებულ შტატებში და სხვადსხვა ცირკში გამოდიოდნენ. ზოგმა კი შექმნა ტიპიური ამერიკული ოჯახი და  კავშირი დაკარგა სამშობლოსთან. 

ცუდი დღე ელოდათ იმათ ვინც სამშობლოში დაბრუნდა, ბოლშევიკებმა ისინი ამერიკელ ჯაშუშებათ მონათლა და დააპატიმრა. ბევრმა ცხენოსანმა გაანადგურა ფოტოები და მათი საზღვარგარეთ ყოფნის ყველანაირი სამხილი, რათა გადარჩენოდნენ ახალი რეჟიმის რკინის ხელებს. იყო შემთხვევები როდესაც მათ ხელს აწერინებდნენ დოკუმენტს სადაც ეწერა, რომ ისინი არასოდეს აღარ ახსენებდნენ ამერიკასა და ევროპას. ბოლშევიკებმა კონფისკაცია გაუკეთეს ამერიკიდან მათ მიერ ჩამოტანილ ყველა საჩუქარს. ეს ნერვული სტრესი ძალიან მძიმე გადასატანი აღმოჩნდა და ბევრმა მათგანმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, ზოგი კი გარდაიცვალა ყველასაგან მივიწყებული...
კატეგორია: გურია | ნანახია: 1425 | დაამატა: INFONIKA | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]