პარასკევი, 17.05.2024, 13:25
მოგესალმები, სტუმარი
მთავარი » 2011 » თებერვალი » 17 » ალეგრობა–დაკარგული დღესასწაული
15:44
ალეგრობა–დაკარგული დღესასწაული

გურულები ამბობენ, – თქვენ რომ გლობალიზაციას ეძახით და გეშინიათ, მაი ამბავი ჩვენ 400 წლის წინ მოვილიეთ მაშინ, როცა მთელი ევროპა და განსაკუთრებით იტალიელები მთელ გურიაში ,,დაპრავაჟობდნენო." სტუმრებს ხომ ვერ გავყრიდით, რაფერც ქართველებს ეკადრება, ისე ვმასპინძლობდით, სამაგიეროდ, რაც კაი იცოდნენ, გადმოვიღეთ და შევისწავლეთო.
მართალს ამბობენ, – იტალიელი მისიონერების ჩანაწერებში უამრავი ცნობაა გურიასა და გურულებზე. სწორედ იტალიელებმა ააშენეს 400 წლის წინ პირველი სასწავლებელი დღევანდელი ოზურგეთის პირველი საშუალო სკოლის ადგილზე.

თუმცა გურიაში გლობალიზაციის მთავარ მონაპოვრად მაინც ,,ალეგრობის" დღესასწაულს მიიჩნევდნენ. ამასთანავე, ,,ეჭვობენ" , რომ ყოფილმა ცეკას მდივანმა , გურულმა ედუარდ შევარდნაძემ სწორედ ,,ალეგრობა" გადააკეთა ,,თბილისობად". გურულებს ეს არ შურთ, პირიქით, ახლა ჩვენი ,,ალეგრობა" ფართოდ აღინიშნებაო, ამბობენ, ოღონდ უნდათ, გურიაში განახლდეს, ,,ალეგრობის" დღესასწაული.


,,ალეგრო" იტალიური სიტყვაა და ჩქარ მუსიკას ნიშნავს. მართალია, გურულები მუსიკალურობით იტალიელებს ვერ შეედრებიან, მაგრამ გურიაში იმდენი იტალიელი იყო, ხელად გადმოიღეს მათგანაც სანახაობები და ერთ მშვენიერ დღეს გურულ–იტალიური ზეიმიც მოაწყვეს, რომელსაც, სტუმრების ხათრით, ,,ალეგრობა" დაარქვეს, მერე კი მიადგნენ და თავიდან ბოლომდე გააგურულეს.


,,ალეგრობას" მართავდნენ ოზურგეთი ცენტრში, ნიკო მარის მამის, იაკობის გაშენებულ ორკილომეტრიან პარკში. იაკობი გურიის უკანასკნელი მთავრის, მამია გურიელის მებაღე იყო. მისი გაშენებული ასწლოვანი ჭადრები დღესაც დგას ოზურგეთის პარკში. ამ ჭადრებზე შეხტებოდნენ გურული მელექსეები და ლექსებს კითხულობდნენ. იქ იწურებოდა ,, ალეგრობა" დღეს ,,ადესა" , კეთდებოდა ფელამუში, ავლებდნენ ჯანჯუხას, ყიდდნენ გომის მთიდან ჩამოტანილ ფიჭიან თაფლს, ცნობილ გურულ თაფლის არაყს, გურული ქალების შეკერილ ყაბალახებს  და იქვე თვრებოდნენ მარტო თაფლის არაყით კი არა, პარკში მოსეირნე ქალების ეშხით. ,,კრიმაჭული" კი სისხლს უფრო აჩუხჩუხებდა. სიმღერის შემდეგ ჯირითი იყო – გაქაფულ ცხენებს შემოაგელვებდნენ სისხლადუღებული ბიჭები. მათ შორის პირველი ყალყზე შემდგარი ცხენიდან თავს მდაბლად დაუხრიდა იმ დღეს სილამაზის კონკურსში გამარჯვებულს და საჩუქარსაც მიართმევდა. სილამაზის კონკურსები მამია გურიელი დროსაც ტარდებოდა ოზურგეთში. მართალია ამ კონკურსს ,,მისი" არ ერქვა, მაგრამ მისი მონაწილეები დღევანდელ ,,მისებს" არაფრით ჩამოუვარდებოდნენ. თუმცა გამარჯვებიდან სულ ცოტა ხანში უკვე ფიგურის დაკარგვის საშიშროების წინაშე დგებოდნენ, – საქმე ის არის, რომ იმ დღეს ულამაზესს საუკეთესო გურული კულინარის გამომცხვარ ნამცხვარსაც მიართმევდნენ ხოლმე... – მაშინ ხომ ფერხორციანი ქალები მოსწონდათ. 
უკანასკნელი ,, ალეგრობის" ჟრიამული მსოფლიო ომმა ჩააქრო
კატეგორია: გურია | ნანახია: 732 | დაამატა: INFONIKA | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]